როგორ აისახება საქართველოს მოქალაქეებზე ეროვნული ვალუტის ვარდნა

როგორ აისახება საქართველოს მოქალაქეებზე ეროვნული ვალუტის ვარდნა

864
0
SHARE

ეროვნული ვალუტის ღირებულების კლება – ეს ის უდიდესი პრობლემაა, რომელსაც აწყდება სახელმწიფო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. საქართველომ მისი ისტორიის მანძილზე უკვე ორჯერ გადაიტანა ეკონომიკური კრიზისი, 1998 და 2008 წლებში. სამწუხაროდ იგივე მეორდება უკვე მესამედ, როდესაც დოლარის ნიშნული 1,7-დან 2,25-ზეა ასული. ფულზე მოთხოვნის ცვალებადობა, ახალი საინფორმაციო და საბანკო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ფულის მასის ზრდის ტემპის მუდმივი გადახედვის საჭიროებას წარმოშობს. დოლარიზაციის მაღალი დონე გარდამავალი ეკენომიკების ქვეყნებისათვის ყველაზე დიდი პრობლემაა, ვინაიდან არასტაბილურობის გამო შიდა რყევები და ასევე გარეგანი რყევების ზემოქმედების ხარისხი მაღალია, რის გამოც ადგილობრივი ვალუტა ნდობას კარგავს და იზრდება მიდრეკილება უცხოური ვალუტისადმი. ეკონომიკური კრიზისი 3 ფაქტორისგან შეიძლება იყოს განპირობებული, ესენია:

  • ეროვნული ვალუტის გაუფასურება;
  • საბანკო კრიზისი;
  • ქვეყნის ვალები;

საქართველოში ძალიან ფართოდ ვაწყდებით პირველ პრობლემას, რომელიც თითოეული მაცხოვრებლის ბიუჯეტზე ძალიან მწვავედ აისახება. ნაციონალური ფულადი ერთეული ქვეყნის დამოუკიდებელი მონატერული პოლიტიკის ძირეული ელემენტია. თუმცა, ვერცერთი მთავრობა ვერ აიძულებს საზოგადოებას ფულად ჩათვალოს ის ვალუტა, რომელსაც თვითონ სთავაზობს მათ. 1990-იან წლებში გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, მოხსნილი იყო ყოველგვარი აკრძალვა უცხოური ვალუტის ფლობაზე და ამავდროულად მიმდინარეობდა ახალი, ნაციონალური ვალუტის შემოღება, რამაც მაკროეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია. ერთ-ერთი შედეგი ამ პროცესისა გახდა ეკონომიკების დოლარიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე თქვენი აზრით როგორ ასახვას ჰპოვებს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებზე? საქართველო ძალიან მკვეთრადაა დამოკიდებული დოლარზე, მოქალაქეების უმრავლესობას სესხები და კრედიტები აღებული აქვთ დოლარში, რაც იწვევს კიდევ მთელ რიგ ახალ პრობლემებს. მოქალაქე, პირობითად თუ ყოველი თვის გამნავლობაში იხდიდა 200$-ს და ნოემბრის თვის მონაცემებით, ეს იყო ირიბად რომ ვიანგარიშოთ 200 x 1,7 და უდრიდა 340 ლარს, დღევანდელი მონაცემებით, 200 x 2,2 უკვე 440 ლარია, რა ქნას ადამიანმა თუ მისი შემოსავალი არ გაზრდილა, სამაგიეროდ გაიზარდა მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა? ამას ემატება საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაც, იხურება ძალიან ბევრი კერძო ბიზნესი, თუ გახვალთ გარეთ და დააკვირდებით თბილისის ქუჩებს, ძალიან იმატა წარწერებმა “ქირავდება”, ეკონომიკურ ენაზე ესეც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. საბანკო კრედიტების ზრდა, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატება, კერძო ბიზნესის დახურვა, ყველაფერი ეს ის იმპულსებია, რაც პირდაპირი მნიშვნელობით უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. თუ გადახედავთ მედია საშუალებების მიერ ჩატარებულ რეპორტაჟებს, ლარის კურსის ვარდნა კრიზისულ ზღვარამდეა მიღწეული, მოსახლეობა ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამის ფონზე კი აქვს თუ არა ჩვენს ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა, რომლითაც გაუმკლავდება ამ პრობლემას, მეტნაკლებად საკამათოც კია.

აღნიშნული პრობლემის მეტნაკლებად დასარეგულირებლად ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, თუმცა აქ უნდა გაესვას ხაზი ორი ძირითად ფაქტორს – პირველი ის, რომ ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი ბაზრის რეგულირება და ინვესტიცია მოითხოვს საკმაოდ ფრთხილ მიდგომებს. ამ შემთხვევაში დეფიციტური ფულის მასა ამცირებს საექსპორტო პოზიციებს, აუარესებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. მეორეს მხრივ კი რომ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შესაძლოა უმართავი პროცესები დაიწყოს და საქმე მიზნობრივი ინფლაციის განაკვეთს საგრძნობლად გასცდეს და ჰიპერ ინფლაციამდე მივიდეს, რაც გაცილებით დიდ პრობლემას შექმნის. ამიტომ დროული და დოზირებული ინტერვენცია – ეს ის ძირითადი მიდგომებია, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

წმინდა ეკონომიკურ ენაზე, იმისათვის რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა დაუბრუნდეს 2014 წლის ნოემბრის ნიშნულს 1, 6 წელიწადია საჭირო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ლარის დევოლვირების შემდეგ მოხდეს მისი აღდგენა და დაბრუნება საწყის ნიშნულთან. თუმცა, ეს ვადა იმ პერიოდზეა დაანგარიშებული, როდესაც ეკონომიკის აღმავლობასთან გვაქვს საქმე და ლარი თავის ძალებს იკრებს, თქვენ როგორ ფიქრობთ ჩვენს ქვეყანაში როგორაა ამ კუთხით საქმე?

ბევრი ექსპერტის მოსაზრებით ეს უკვე ლარის კრიზისი აღარაა და ლარის კრახია. არსებობს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ დეკემბრის თვეში აღნიშნული სურათი აუცილებლად განმეორდება, რომელიც უფრო მწვავე შედეგების მომტანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისათვის და პირველ რიგში ხალხისათვის.