საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

საქართველოს ულამაზესი ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2275
0
SHARE

საქართველო ულამაზესია თავისი ბუნების მრავალფეროვნებით. უმშვენიერესი ალპური ზონა, ზღვა, მთები ნაკრძალები, კანიონები, ტბები…ეს ის არასრული ჩამონათვალია, იმ ღირსშესანიშნავი ადგილებისა, რომლებითაც გამოირჩევა ჩვენი სამშობლო საქართველო. სწორედ ამიტომ ძალიან მაღალია ტურისტული დაინტერესებაც. ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში უამრავი ტურისტი ჩამოდის, რათა ეზიაროს საქართველოს მშვენიერებას და დატკბეს შესანიშნავი ბუნებითა და ხედებით. დღევანდელი ჩემი თემატიკაც სწორედ იმ ადგილებს შეეხება, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ძალიან ბევრი ქართველი, საუბრობს საზღვარგარეთ მოგზაურობაზე, ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ/სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ღირსშესანიშნაობებზე, თუმცა ნაკლებად საკუთარ ქვეყანაზე. ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანები მიდიან საზღვარგარეთ რომ დაისვენონ, მაშინ, როდესაც არ აქვთ დათვალიერებული საკუთარი სამშობლო. მე პირადად ვთვლი რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა! საქართველოში უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილია, რომელსაც დამიჯერეთ აუცილებლად უნდა ესტუმროთ!

ხევსურეთი, შატილი, მუცო

სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს – პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად აქ ზღვის დონიდან 2000-2300 მეტრის სიმაღლეზე კავკასიონის ულამაზესი ხედები იშლება. როცა ხედავ აგვისტოს ცხელ თვეში მთებზე თოვლის ნარჩენებს, წარმოუდგენელია, არ აღფრთოვანდე. უცხოელებს შატილი, მუცო და მსგავსი სახის უნიკალური ადგილები და ისტორიული ციხე-კოშკები, მარტივად რომ ვთქვათ ეგზოტიკა იზიდავთ.

აბუდელაურის ტბები

აბუდელაურის ტბები – მყინვარული ტიპის ტბები აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. ის საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. 6 თვეზე მეტი დროის მანძილზე ის დაფარულია ყინულით, რომლისგანაც თავისუფლდება მაისის თვის ბოლოს. ტბაში თევზი არ არის. გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ, ნამდვილი სამოთხეა!

თუშეთი

ის მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. გამოირჩევა ულამაზესი ალპური ზონით. თუშეთის ჰავა კონტინენტურია. ღრუბლიან დღეთა რაოდენობა, საშუალოდ, თვეში 5.5-ია. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით “თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით დაჩაღმა თემებს.” ამ კუთხეში წარმოდგენილია საოჯახო ტიპის ძალიან კომფორტული სასტუმროები, რომლებიც დამსვენებელს მასპინძლობენ ძალიან დიდი სიყვარულით და კომფორტით. გირჩევთ ესტუმროთ.

სვანეთი, მესტია

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონაა. შესაბამისად ძალიან მაღალია ტურისტების ნაკადიც. აქ წარმოდგენილია ფანტასტიურად ლამაზი ბუნება და ხედები. ძალიან საინტერესოა დამსვენებლისათვის კალა-უშგული და მესტია-ლენჯერი-ლატალი, თავისი ბუნებითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. აქტუალურია სვანური სამზარეულოც, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კუბდარი, აქ ტურისტები დიდი სიამოვნებით სვამენ რახს, ჭაჭის არაყს კი მაინცდამაინც არ სწყალობენ.

მარტვილის კანიონები

მარტვილის ულამაზესი კანიონები სამეგრელოს მხარის მშვენიერებას წარმოადგენენ. მისი სილამაზე ვერცერთ დამთვალიერებელს და ტურისტს გულგრილს ვერ დატოვებს. ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების შემთხვევაში, აქაც, ხეობის სრულყოფილად დათვალიერებისთვის საჭიროა რამდენიმე დღიანი ტური. აქ იყო დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. ნავით სეირნობისას თვალწინ იშლება ულამაზესი ხედები. ზაფხულში შესაძლებელია ღამის გათევა კარვებში და ბანაობა. თითოეულ ადამიანს, ვისაც მარტვილის კანიონი უნახავს არ შეიძლება არ ჰქონდეს წარუშლელი შთაბეჭდილება დარჩენილი.

ბათუმი

მათთვის ვისაც იტაცებს ზღვა, მზე და გართობა. ადგილი, სადაც შეგიძლიათ დილით დატკბეთ ზღვის ტალღების ხმით, საღამოს კი უბრალოდ ძალიან მაგარ დისკოთეკაზე ან კლუბში გაერთოთ. ეს არის ძალიან აქტიური და გართობის მოყვარული ადამიანების საყვარელი ადგილი. ისევე როგორც სვანეთი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ზონა, რომელიც ყოველწლიურად უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს.

რაჭა

იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ულამაზესი ადგილია თავისი გასაოცარი ბუნებით. ადგილი, რომელიც მართლაც რომ სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს.