სტიქია თბილისში

სტიქია თბილისში

57
0
SHARE

სტიქია თბილისში – 13 ივნისის ღამე ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა თითოეული ქართველისათვის. ადიდებული ვერე, განადგურებული ზოოპარკი, ამ დროისათვის 15 დაღუპული ადამიანი და 7 დაკარგული…დაღუპული ცხოველები, ძალიან ბევრი განადგურებული საცხოვრებელი სახლი და აღნიშნული ტრაგედიის დანაკარგი, რომელიც 40 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს ყველაფერი ალბათ რომელიმე საშინელებათა ფილმის სიუჟეტს მოგაგონებთ, სამწუხაროდ ეს საქართველოში ხდება და ეს რეალობაა, რომელსაც ვერ შევცვლით. აღნიშნული სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე, ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩაზე – ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოვსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში. გარემოს დაცვის სამინისტრო გვთავაზობს სტიქიის განვითარების გრაფიკას, რომელსაც შედმეგნაირად ხსნის – “მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას. კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა.

ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით. შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა. დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას. მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში. ” საქართველო მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, მწუხარებასა და თანადგომას გამოთქვამენ ევროკავშირის რიგი ქვეყნები, რუსეთი, აშშ. დანაკარგი ძალიან დიდია, რის გამოც 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღიმართა. გთავაზობთ სურათებს, რომლებიც უფრო ნათლად წარმოგიდგენთ იმას, თუ რამდენად დიდი ტრაგედია დაატყდა თბილისს 13 ივნისის ღამეს.